понедельник, 26 марта 2012 г.

ქარი ქრის


ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის,
ფოთლები მიქრიან ქარდაქარ...
ხეთა რიგზ , ხეთა ჯარს რკალად ხრის,
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ?..
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს,
ვერ გპოვებ ვერასდროს... ვერასდროს!
შენი მე სახება დამდევს თან
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან!..
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის,
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის...

გალაკტიონ ტაბიძე

ალიტერაცია

(ლათ. alliteratio) – ერთსა და იმავე მსგავსი თანხმოვანი ბგერების განმეორებაა სალექსო სტრიქონში. გამოსახვის პოეტური ხერხი, ემოციური ზეგავლენის საშუალება, ბგერების მუსიკალური ორგანიზაციის ფორმა. ქმნის ლექსის კეთილხმოვანებას, სიტყვის შინაარსის აკუსტიკურ თვალსაჩინოებას. ბგერების გამეორება მაშინაა პოეტური, ესთეტიკური როცა მას თან ახლავს გამომსახველობითი ემოციური ძალა. ბგერების უაზრო, ფორმალისტური თამაში მოკლებულია მხატვრულ-ესთეტიკურ ღირებულებას.




გთხოვ!

ვიღა მიდის მოწყენილ სამოთხეში?
ხე რომ დგას,
ღვთაებრივი პეიზაჟის შესავალი,
უკვე, უვაშლო, ისედაც მრავლდებიან...
სიყვარულს ერთ სულ მოსახლეზე
წყალივით და შუქივით ვერ გაანაწილებ,
ერთ კაცს აიღებ,
ყურში აბსოლუტურ სმენას ჩაუწვეთებ,
პალიტრის ბორბალს თვალებზე გადაატარებ,
ერთნახევარს გახდი,
ბოლო შევსებამდე ჯოჯოხეთი გასავლელია.
გულს ყელის ძირში გადაუტან,
დიაფრაგმაში ფეხების ჩაკერებამ არ გაამართლა,
ჰორიზონტალურ მდგომარეობას ნაწოლები უჩნდება...
მდგარიყო იმ სევდიან ფეხებზე,
უძარღვო ხესავით,
შარშანდელი ვაშლის მოსავალი მიგეწებებინა,
ნუ იჭმევა, სიმბოლოდ მინდა!

 ლია სტურუა

"ვეფხისტყაოსნის" შესახებ

XVII საუკუნეში ვეფხისტყაოსნის მიხედვით ბრიტანეთის სამეფო თეატრში ორი პიესა დაიდგა აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ვეფხისტყაოსნის მოკლე შინაარსი პირველად რუსულ ენაზე გადაითარგმნა და ისიც XIX საუკუნის დასაწყისში. თუმცა ქართველი პროფესორის, ელგუჯა ხინთიბიძის კვლევებმა შესაძლოა, ისტორია შეცვალოს. მისი მტკიცებით, შოთა რუსთაველის ნაწარმოებით გაცილებით ადრე ევროპელები დაინტერესდნენ. „გაცილებით ადრე“ XVII საუკუნეა, „ევროპაში“ კი დიდი ბრიტანეთი იგულისხმება... შექსპირის „კონკურენტები“ ცნობილი ფაქტია, რომ ყველა პიესა გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით იდგმებოდა. ეს წყარო კრიტიკოსების მიერ ორ სახელს ატარებდა: ძირითადი წყარო და უცნობი წყარო... სწორედ უცნობი წყაროს სტატუსი მიენიჭა ბრიტანეთში XVII საუკუნის ორ ყველაზე პოპულარულ ტრაგიკომედიას: „მეფე და არამეფე“ და „ფილასტერი“. ბრიტანეთში XVII საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული იყო ტრაგიკომედიური ჟანრის პიესები. ამ ჟანრმა აქტუალობა XVIII საუკუნეშიც შეინარჩუნა, XIX საუკუნიდან კი თითქმის „გაქრა“ ბრიტანული სცენიდან... „მეფე და არამეფეც“ და „ფილასტერიც“ სწორედ ჟანრის გამო გახდნენ საუკუნის პიესები. ორივე მათგანი მთელი საუკუნის განმავლობაში წარმატებულად იდგმებოდა ბრიტანეთის სამეფო თეატრში. ორივე პიესის ავტორები ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ – ფრანსის ბომონდი და ჯონ ფლეთჩერი. ისინი ერთობლივად ქმნიდნენ და შემდეგ დგამდნენ პიესებს. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი იყვნენ უილიამ შექსპირის კონკურენტები. როგორც ამბობენ, საზოგადოების ნაწილი მათ ხშირ შემთხვევაში შექსპირს უტოლებდა, ნაწილი კი უფრო მაღლაც აყენებდა... ელგუჯა ხინთიბიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი: – ფლეთჩერმა და ბომონდტმა საკუთარი სტილი შექმნეს – ტრაგიკომედიური სტილი. სწორედ ამ სტილმა განაპირობა მათი პოპულარობა. მაშინ საზოგადოება შექსპირის დოზენე აყენებდა ამ ორ დრამატურგს და ზოგიერთი კრიტიკოსი – უფრო მაღლა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გენიალური დრამატურგი. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში თავად შექსპირმაც აითვისა მათი სტილი. ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთ ნაწარმოებზე მუშაობისას ფლეთჩერთანაც ითანამშრომლა. ფლეთჩერიც და ბომონდიც შექსპირის დასში მუშაობდნენ. ორივე ერთად წერდა პიესებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიესა – „მეფე და არამეფე“ 1611 წელს საშობაოდ დაიდგა პირველად და იმ პერიოდიდან მოყოლებული მთელი საუკუნე ძალიან პოპულარული იყო. აღმოჩენა როდესაც XVII საუკუნის კრიტიკოსები „მეფე და არამეფესა“ და „ფილასტერს“ განიხილავდნენ, წყაროზე ერთადერთ მინიშნებას აკეთებდნენ – წყარო უცნობია. თუმცა იყო „გაელვებაც“. რეალობასთან ყველაზე ახლოს ერთადერთი მინიშნება გაკეთდა იმდროინდელი კრიტიკოსების მიერ – ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს ჰგავს და მიგნებულია, რომ წყარო შუა საუკუნეების რომანი უნდა იყოს. ეს იყო მაქსიმუმი, რაც წინა საუკუნეებში ითქვა. თუმცა არის სიახლე, რომელიც თითქმის დადასტურებულია. პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის განცხადებით, იმდენი დამთხვევაა, უბრალოდ, ძნელია, აქ რამეზე იდაო: – დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, თუმცა ეს არის ყველაზე დიდი სიახლე, რაც უშუალოდ მე აღმოვაჩინე. ბოლო 10 წლის მანძილზე ვმუშაობდი ევროპაში ქართული მწერლობის შესწავლის საკითხებზე. აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპულ ლიტერატურაში საქართველო ნახსენები იყო მხოლოდ XVIII საუკუნეში. „მეფე და არამეფე“ და „ფილასტერი“ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი, სადაც საქართველოს თემამ გაიჟღერა. სწორედ ამიტომ დავიწყე შესწავლა და აღმოვაჩინე კიდეც, რომ ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში ვეფხისტყაოსანი გამოყენებულია, როგორც სიუჟეტური წყარო. ამის მიხედვით დაწერილია ორი პიესა, რომელიც ინგლისში სამეფო თეატრში იდგმებოდა და ის ყველაზე პოპულარული იყო მთელი საუკუნის განმავლობაში. XVII საუკუნიდან ჩვენი ქვეყანა გახდა პოპულარული, როგორც ერთ-ერთი ეგზოტიკური ქვეყანა, ქრისტიანული, ძალიან ლამაზი ქალებით. სხვათა შორის, წინა პლანზე სწორედ ქართველი ქალის სილამაზის თემა გახლდათ წამოწეული. თუმცა საქართველოს თემა პოპულარული იყო, როგორც აღმოსავლური, ეგზოტიკური ქვეყნის და ისტორიულ სინამდვილესთან მას ნაკლები კავშირი აქვს. ერთადერთი ქეთევან დედოფლის, თეიმურაზ მეფის დედის, წამების ფაქტი აისახება, როგორც ისტორიული და რეალური ფაქტი. – როგორ ფიქრობთ, საიდან შეიძლებოდა ვეფხისტყაოსნის ისტორია მოხვედრილიყო ბრიტანეთში ამ საუკუნეში? – ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, ბევრიც მიმუშავია და სწორედ ამის შესახებ დავწერე ჩემს წიგნში „რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ევროპული ლიტერატურა“, რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ბრიტანეთში. იქ რამდენიმე ვერსია მაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა კვლევებმა მიმიყვანა ერთ დასკვნამდე: ვეფხისტყაოსანი ბრიტანეთში გადატანილი უნდა იყოს იმ ქართველი დიდგვაროვნების მიერ, რომლებიც შაჰ-აბასის კარზე იყვნენ. მათთან XV საუკუნის დასაწყისში ინგლისის დიპლომატების დიდი დელეგაცია ჩავიდა. ისინი ძალიან დიდხანს დარჩნენ იქ და როგორც მოგვიანებით მივაგენი, მათ სწორედ ქართველები უწევდნენ კონსულტაციებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ გზით ჩავიდა ინგლისში ვეფხისტყაოსანიცა და მის შესახებ ცნობებიც. „მეფე და არამეფე“ – მსგავსება „ვეფხისტყაოსანთან“ მსგავსება #1 – მსგავსებები ძალიან დიდია. პიესა არის იბერიის ახალგაზრდა მეფის სიყვარულზე. თავისთავად არ არის აუცილებელი, იბერიაში მაინცდამაინც საქართველო იგულისხმებოდეს. მით უმეტეს მაშინ ორ ქვეყანას უწოდებდნენ იბერიას: დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ ესპანეთს. შეიძლება სწორედ ესპანეთის იბერია იგულისხმებოდა, თუმცა ეს ეჭვი მაშინ გამიქრა, როდესაც პიესაში ამოვიკითხე, როგორ ამარცხებს იბერიის მეფე სომხეთის მეფე ტიგრანესს. სწორედ ამან გახადა ნათელი, რომ საქართველოზეა საუბარი. მსგავსება #2 – სიუჟეტი აქაც ვეფხისტყაოსნის მსგავსად ვითარდება. მეფე-დედოფალს არ ჰყავდათ შვილი, მათ დაბადებისთანავე, როგორც ტარიელის შემთხვევაშია, იშვილეს უახლოესი დიდებულის შვილი. ხუთი წლისთავზე კი ეყოლათ საკუთარი ქალიშვილი. გარკვეული პერიოდი უფლისწული და მისი „და“ ერთად იზრდებოდნენ, როგორც ნესტანი და ტარიელი. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დააშორეს. ორივე შემთხვევაში აქტუალურია წერილები და-ძმის ურთიერთობაში. გადის წლები და და-ძმა ერთმანეთს ხვდებიან. სწორედ აქ იწყება მათი სიყვარულის ისტორია. ზუსტად ისევე, როგორც ვეფხისტყაოსანში. შეხვედრის მომენტიც კი მსგავსია. ტარიელის მსგავსად, ბრიტანული პიესის მთავარ მოქმედ გმირს დის დანახვაზე გულყრა ემართება. ნაწარმოები აგებულია და-ძმის სიყვარულსა და წუხილზე... მსგავსება #3 – მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ესენი არ არიან და-ძმა, ისევე, როგორც ტარიელი და ნესტანი. ორივე შემთხვევაში არსებობს გმირი – სასიძო და ასევე ორივე შემთხვევაში ცდილობენ სასიძოს ჩამოშორებას. ისტორია პიესაშიც, ვეფხისტყაოსნის მსგავსად, ბედნიერად სრულდება. ვეფხისტყაოსანში ბოლოს არის ქორწილი. პიესიდან კი ორი ბედნიერი წყვილი გადის სცენიდან. ვეფხისტყაოსანში ტარიელი წარმოიდგენს რომ ნესტანი გარდაცვლილია, რასაც მოჰყვება მისი სურვილი იმქვეყნად წასვლის შესახებ. იგივე ტიპის მედიტაციაა გადატანილი ბრიტანულ პიესაში. ნესტანის პროტოტიპს სახელად ჰქვია პანთეა. ინგლისურად ეს სახელი ვეფხვს ნიშნავს. ესეც მნიშვნელოვანი მინიშნებაა. ელგუჯა ხინთიბიძის განცხადებით, ასევე ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზეა აგებული მეორე ბრიტანული პიესა – „ფილასტერი“, რომლის ავტორებიც ფლეთჩერი და ბომონდი არიან. პიესაში ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის მსგავსი ისტორიაა გადმოცემული. თუმცა, როგორც პროფესორი აცხადებს, სულ სხვა კუთხით. ხათუნა მგალობლიშვილი

მერანი


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
 უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
 გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
 და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
 გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
 გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთმენელსა სავალნი დღენი!
 ნუ შეეფარვი, ჩემო მფრინავო, ნუცა სიცხესა, ნუცა ავდარსა,
 ნუ შემიბრალებ დაქანცულობით თავგანწირულსა შენსა მხედარსა!
 რაა, მოვშორდე ჩემსა მამულსა, მოვაკლდე სწორთა და მეგობართა;
 ნუღა ვიხილავ ჩემთა მშობელთა და ჩემსა სატრფოს ტკბილმოუბარსა,
 სად დამიღამდეს, იქ გამითენდეს, იქ იყოს ჩემი მიწა სამშობლო;
 მხოლოდ ვარსკვლავთა, თანამავალთა, ვამცნო გულისა მე საიდუმლო!
 კვნესა გულისა, ტრფობისა ნაშთი, მივცე ზღვის ღელვას,
 და შენს მშვენიერს, აღტაცებულს, გიჟურსა ლტოლვას!
 გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
 და ნიავს მიეც ფიქრი შენი, შავად მღელვარი!
 ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის;
 ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის,
 შავი ყორანი გამითხრის საფლავს მდელოთა შორის ტიალის მინდვრის,
 და ქარიშხალი ძვალთა შთენილთა ზარით, ღრიალით, მიწას მომაყრის!
 სატრფოს ცრემლის წილ მკვდარსა ოხერსა დამეცემიან ციურნი ცვარნი,
 ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი!
 გასწი, გაფრინდი, ჩემო მერანო, გარდამატარე ბედის სამძღვარი,
 თუ აქამომდე არ ემონა მას, არც აწ ემონოს შენი მხედარი!
 დაე მოვკვდე მე უპატრონოდ მისგან ოხერი!
 ვერ შემაშინოს მისმა ბასრმა მოსისხლე მტერი!
 გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
 და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!
 ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება,
 და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება;
 რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა სიძნელე გზისა გაუადვილდეს,
 და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს!
 მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
 უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
 გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
 და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 ნიკოლოზ ბარათაშვილი, 1842 წ.

ქართული სალექსო ფორმები

სულხან-საბა ორბელიანი


შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი: მამა, ვახტანგი, ქართლის სამეფოს მდივანბეგი იყო; დედა, თამარი — ზაალ არაგვის ერისთავის ასული. სამეფო კარზე, რომელიც კულტურისა და განათლების ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, ვახტანგ V-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფეგიორგი XI). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის (ვახტანგ VI) აღზრდა.
ორბელიანი ჭაბუკიბიდანვე ჩაება სახელმწიფოებრივ, სამწერლო და სამეცნიერო საქმიანობაში. იყო ირან-ოსმალეთის აგრესიის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლის ერთ-ერთი თავკაცი და გიორგი XI-ისა და, მოგვიანებით, ვახტანგ VI-ის ახალი პოლიტიკური ორიენტაციათა ძიების ერთგული თანამდგომი. 1688 წელს, როცა ირანის შაჰმა გიორგი XI-ს მეფობა ჩამოართვა, რეპრესირებული ორბელიანი იძულებული გახდა გასცლოდა ქართლს. ერთხანს იმერეთში, შემდეგ სამცხეში იმყოფებოდა. 1698 წელს, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიზეზთა გამო, საბას სახელით ბერად აღიკვეცა დავითგარეჯის იოანე ნათლისმცემლის მონასტერში. 1703 წლიდან, ქართლის ახალი გამგებლის ვახტანგ VIის დავალებით, ორბელიანმა დიპლომატიური მისიით იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთსა და იტალიაში (1713-1716).
გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით ორბელიანმა მიიღო კათოლიკური აღმსარებლობა. ირან-ოსმალეთის მუდმივი აგრესიისაგან განაწამებ ქართველ სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის ორბელიანს სურდათ მოესინჯათ ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის. ორბელიანი ეწვია საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს, რათა ეთხოვა აგრეთვე ფინანსური დახმარება ირანის ტყვეობიდან ვახტანგ VI-ის გამოსახსნელად. მისი დიპლომატიური მისია მარცხით დამთავრდა. იმედგაცრუებულმა ორბელიანმა დიდი გაჭირვებით ჩამოაღწია სამშობლოში.
1724 წელს, როცა ვახტანგ VI-მ რუსეთს დააპირა გადახვეწა, მან მოსკოვში წინასწარი მოლაპარაკებისათვის ორბელიანი გაგზავნა, მაგრამ ხანდაზმულ მწერალს არ დასცალდა უკანასკნელი მისიის აღსრულება, იგი მოსკოვში მალე გარდაიცვალა. დაკრძალეს ვსესვიატკოეში.[1][2]
ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა სამეცნიერო დარგების განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, 1685-1716), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, ლექსიკის განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან უმნიშვნელოვანესია იგავ-არაკთა კრებული „სიბრძნე სიცრუისა“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, 1686-1695). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, ფავულა აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, იგავ-არაკთა მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ ფოლკლორიდან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. ჰუმანიზმი, მეგობრობის მაღალი ოდეალები, ადამიანის პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ საქართველოს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.
„სიბრძნე სიცრუისა“ აღადგენს ქართული როზის დიდ ტრადიციებს, რომლებიც იმ ხანებში საკმაოდ დაქვეითებული იყო. ორბელიანმა ძველ ქართველ მწერალთაგან ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ხალხურ სასაუბრო ენას და ამ მხრივ ნაყოფიერი გავლენა მოახდინა ქართული პროზის შემდგომ განვითარებაზე. თხზულება თარგმნილია რუსულ (1878), ფრანგულ (1888),ინგლისურ (1895), გერმანულ (1933) და სხვა ენებზე.
ქართული დოკუმენტური პროზის ერთ-ერთი პირველი და უნიკალური ნიმუშია ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომელიც დღიურების ფორმითაა დაწერილი. თხზულებამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. დაკარგულია პირველი თავები, სადაც, ალბათ, აღწერილი იყო საფრანგეთის ქალაქები, მათ შორის პარიზი. შემორჩენილია მხოლოდ იტალიის და თურქეთის ქალაქთა აღწერილობანი. „მოგზაურობა ევროპაში“ საყურადღებოა დეტალური აღწერებით, ავტორის მრავალმხრივი ინტერესებით, მისი პიროვნული განცდებითა და შთაბეჭდილებებით.
ორბელიანმა წვლილი შეიტანა ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებაშიც. ქრისტიანული მოძღვრების ძირითადი დოგმებია გადმოცემული მის სასწავლო-აღმზრდელობითი დანიშნულების თხზულებაში „სამოთხის კარი“. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ორბელიანის ქადაგებათა კრებულს, ე. წ. „სწავლანს“, რომელიც მიუხედავად სასულიერო შინაარსისა, გარკვეულ იდეურ კავშირს ამჟღავნებს იგავ-არაკთა კრებულთან „სიბრძნე სიცრუისა“. ორბელიან ეკუთვნის ჰიმნოგრაფიული თხზულებანი; დიდი წვლილი მიუძღვის მას სასულიერო მწერლობის ძეგლების, განსაკუთრებით ბიბლიის შესწავლა-რედაქტირებაში. ორბელიანმა ფაქტობრივად გაასრულა ვახტანგ VI-ის წამოწყებული საქმე და მოგვცა „ქილილა და დამანას“საბოლოო, ამჟამად კანონიკურად აღიარებული ქართული რედაქცია. მანვე გალექსა ამ კრებულში ვახტანგ VI-ის მიერ პწკარედის სახით გადმოღებული სპარსული ლექსები. ორბელიანის პოეტური თარგმანები გამოირჩევა მაღალი კულტურით და სალექსო ფორმათა მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი ქართული ლექსის ნოვატორადაც მოგვევლინა და ერთმა პირველთაგანმა სათავე დაუდო ქართული ლექსის რეფორმაციას.

პაოლო იაშვილი


პაოლო იაშვილი

პაოლოს დედა, ბაბილინე ბარონის ასული მდივანი კეთილშობილი, სათნო, ღრმად მორწმუნე და სტუმართმოყვარე ქალი ყოფილა. მამა, ჯიბრაელ (ჯიბო) დავითის ძე იაშვილი, წოდებით აზნაური, მთელ დასავლეთ საქართველოში ფრიად ცნობილი პიროვნება, კიევშიგანსწავლული პროვიზორი იყო.
საკმაოდ შეძლებულ, შვილმრავალ ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ პაოლოს მეგობრები. ჯიბოს, სახელგანთქმულ ფარმაცევტს, ორსართულიანი სახლი ჰქონდა აგრეთვე ქუთაისშიც. სწორედ აქ ედო ბინა შემდგომში პაოლოს რედაქტორობით გამოცემულ ჟურნალებს - "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
პაოლოს გარდა, ჯიბრაელს ოთხი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყოლია. ერთი ვაჟი 1924 წელს დაუხვრეტიათ, პაოლო როგორც ცნობილია, 1937წელს გარდაიცვალა, მესამე კი 1940 წელს გადაუსახლებიათ.
1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე. კლასიკური გიმნაზიის მოწაფეთა ისედაც მძლავრი ეროვნულ-პატრიოტული სულისკვეთება კიდევ უფრო გაძლიერდა 1905 წლის რევოლუციისმოახლოების შედეგად.
1911 წლიდან პოეტმა სწავლა განაგრძო ანაპაში - კერძო გიმნაზიაში. 1913 წელს პაოლო პარიზში გაემგზავრა და ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში შევიდა. პარიზში გატარებულმა დრომ, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი შეასრულა პაოლო იაშვილის დიდ ხელოვანად ჩამოყალიბებაში. იგი განსაკუთრებით გაიტაცა სიმბოლისტ მწერალთა შემოქმედებამ. 1915 წელს მსოფლიო ომის ქარცეცხლსა და ევროპის ქაოსს გამოქცეული პოეტი ქუთაისში მკვიდრდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში.
მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილი აქტიურ მონაწილეობას იღებდა მის საქმიანობაში. მისი საზოგადოებრივი ღვაწლის დახასიათების დროს საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები".
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ0მხატვრულ ჟურნალს, "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა პარიზში და შევიდა ლუვრთან არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: პიკასოსაპოლინერსმოდილიანის და ერენბურგს. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც მონაწილეობს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია კონსტანტინე ბალმონტს და უჩუქნია მისთვის "ვეფხისტყაოსანი". პაოლო იაშვილი პირველი მსოფლიო ომის დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, ტ. ტაბიძესთანვ. გაფრინდაშვილთანკ. ნადირაძესთანს. ცირეკიძესთან, ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს. [2]

მოგონებებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დრომდე აღინიშნებოდა, რომ პაოლო იაშვილი აღტაცებით შეეგება 1921 წლის 25 თებერვალს – საქართველოს გასაბჭოების დღეს და იმავე საღამოს დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი - "ახალ საქართველოს".
1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით. [3]
მიუხედვად იმისა, რომ პაოლოსა და მის მეგობარ "ცისფრერყანწელებს" საბჭოთა ხელისუფლებისადმი მკვეთრად შეურიგებელი პოზიცია არ გამოუმჟღავნებიათ, ეჭვმიუტანლად დასტურდება, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი, გასაგები მიზეზების გამო, ცალმხრივად და ტენდენციურად შუქდებოდა.
ქართველ მწერალთაგან პირველი, რომელიც რეპრესიებმა შეიწირეს, პაოლო იაშვილი იყო. ეს ტრაგედია მოულოდნელი არ ყოფილა. იგი საკამაოდ დიდი ხნის მანძილზე, ნელ-ნელა და თანდათანობით მზადდებოდა. გარდა შემოქმედებითი დისკუსიებისა, რომელიც ბოლო ხანს პაოლოს უმართავდნენ ხოლმე "იდეოლოგიური მავნებლობის" გამო, მკაცრად აკრიტიკებდნენ ახლო ურთიერთობისათვის "ხალხის გამომჟღავნებულ მტრებთან": ჯიქიასთან, ლომინაძესთან, ელიავასთან, აღნიაშვილთან. ხშირად იმართებოდა სხდომები, სადაც მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი მსჯელობდა პოეტის "მოღალატებრივ საქმიანობაზე". ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს და კატეგორიულად უსვამდნენ საკითხს, თუ მართალი ხარ-დაგვიმტკიცეო. ასე თანდათანობით მზადდება საფუძველი პაოლო იაშვილის ტრაგედიისათვის.
ვიკიციტატა
„ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე“
(შალვა აფხაიძე)
თუმცა პაოლო იაშვილმა დაპატიმრებას დაასწრო და მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა. . მწერალთა სასახლეში დატრიალებული ტრაგედიით სულშეძრულ და აცრემლებულ მიხეილ ჯავახიშვილს უთქვამს: "ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილა, ყველას გვაჯობა"-ო. საბჭოთა ხელისუფლებამ, სხვა რომ ვერაფერი იღონა, მკვდარი პოეტიც არ დაინდო და მას სასამართლო მოუწყო:
ვიკიციტატა
„კონსტატირება გაუკეთდეს, რომ პაოლო იაშვილის, გამოაშკარავებული ჯაშუშის და ხალხის მტერის, თვითმკვლელობა არის პროვოკაციული ქმედება პარტიისა და საბჭოთა წყობის წინააღმდეგ და ამის გამო იგი დასაფლავდეს, როგორც ხალხის მტერი...ლავრენტი ბერიას დაევალოს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მიაწოდოს ინფორმაცია პაოლო იაშვილის კოტრრევოლუციურ, ჯაშუშურ და მავნებლურ საქმიანობაზე“.