понедельник, 26 марта 2012 г.
"ვეფხისტყაოსნის" შესახებ
XVII საუკუნეში ვეფხისტყაოსნის მიხედვით
ბრიტანეთის სამეფო თეატრში ორი პიესა დაიდგა
აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ვეფხისტყაოსნის მოკლე შინაარსი პირველად რუსულ ენაზე გადაითარგმნა და ისიც XIX საუკუნის დასაწყისში. თუმცა ქართველი პროფესორის, ელგუჯა ხინთიბიძის კვლევებმა შესაძლოა, ისტორია შეცვალოს. მისი მტკიცებით, შოთა რუსთაველის ნაწარმოებით გაცილებით ადრე ევროპელები დაინტერესდნენ. „გაცილებით ადრე“ XVII საუკუნეა, „ევროპაში“ კი დიდი ბრიტანეთი იგულისხმება...
შექსპირის „კონკურენტები“
ცნობილი ფაქტია, რომ ყველა პიესა გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით იდგმებოდა. ეს წყარო კრიტიკოსების მიერ ორ სახელს ატარებდა: ძირითადი წყარო და უცნობი წყარო... სწორედ უცნობი წყაროს სტატუსი მიენიჭა ბრიტანეთში XVII საუკუნის ორ ყველაზე პოპულარულ ტრაგიკომედიას: „მეფე და არამეფე“ და „ფილასტერი“. ბრიტანეთში XVII საუკუნეში განსაკუთრებით პოპულარული იყო ტრაგიკომედიური ჟანრის პიესები. ამ ჟანრმა აქტუალობა XVIII საუკუნეშიც შეინარჩუნა, XIX საუკუნიდან კი თითქმის „გაქრა“ ბრიტანული სცენიდან... „მეფე და არამეფეც“ და „ფილასტერიც“ სწორედ ჟანრის გამო გახდნენ საუკუნის პიესები. ორივე მათგანი მთელი საუკუნის განმავლობაში წარმატებულად იდგმებოდა ბრიტანეთის სამეფო თეატრში. ორივე პიესის ავტორები ერთი და იგივე ადამიანები იყვნენ – ფრანსის ბომონდი და ჯონ ფლეთჩერი. ისინი ერთობლივად ქმნიდნენ და შემდეგ დგამდნენ პიესებს. თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, ისინი იყვნენ უილიამ შექსპირის კონკურენტები. როგორც ამბობენ, საზოგადოების ნაწილი მათ ხშირ შემთხვევაში შექსპირს უტოლებდა, ნაწილი კი უფრო მაღლაც აყენებდა...
ელგუჯა ხინთიბიძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქართველოლოგი:
– ფლეთჩერმა და ბომონდტმა საკუთარი სტილი შექმნეს – ტრაგიკომედიური სტილი. სწორედ ამ სტილმა განაპირობა მათი პოპულარობა. მაშინ საზოგადოება შექსპირის დოზენე აყენებდა ამ ორ დრამატურგს და ზოგიერთი კრიტიკოსი – უფრო მაღლა. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო გენიალური დრამატურგი. სხვათა შორის, ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში თავად შექსპირმაც აითვისა მათი სტილი. ისიც ცნობილია, რომ ერთ-ერთ ნაწარმოებზე მუშაობისას ფლეთჩერთანაც ითანამშრომლა. ფლეთჩერიც და ბომონდიც შექსპირის დასში მუშაობდნენ. ორივე ერთად წერდა პიესებს. მათი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პიესა – „მეფე და არამეფე“ 1611 წელს საშობაოდ დაიდგა პირველად და იმ პერიოდიდან მოყოლებული მთელი საუკუნე ძალიან პოპულარული იყო.
აღმოჩენა
როდესაც XVII საუკუნის კრიტიკოსები „მეფე და არამეფესა“ და „ფილასტერს“ განიხილავდნენ, წყაროზე ერთადერთ მინიშნებას აკეთებდნენ – წყარო უცნობია. თუმცა იყო „გაელვებაც“. რეალობასთან ყველაზე ახლოს ერთადერთი მინიშნება გაკეთდა იმდროინდელი კრიტიკოსების მიერ – ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთს ჰგავს და მიგნებულია, რომ წყარო შუა საუკუნეების რომანი უნდა იყოს. ეს იყო მაქსიმუმი, რაც წინა საუკუნეებში ითქვა. თუმცა არის სიახლე, რომელიც თითქმის დადასტურებულია. პროფესორ ელგუჯა ხინთიბიძის განცხადებით, იმდენი დამთხვევაა, უბრალოდ, ძნელია, აქ რამეზე იდაო:
– დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის, თუმცა ეს არის ყველაზე დიდი სიახლე, რაც უშუალოდ მე აღმოვაჩინე. ბოლო 10 წლის მანძილზე ვმუშაობდი ევროპაში ქართული მწერლობის შესწავლის საკითხებზე. აქამდე ცნობილი იყო, რომ ევროპულ ლიტერატურაში საქართველო ნახსენები იყო მხოლოდ XVIII საუკუნეში. „მეფე და არამეფე“ და „ფილასტერი“ მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისშია დაწერილი, სადაც საქართველოს თემამ გაიჟღერა. სწორედ ამიტომ დავიწყე შესწავლა და აღმოვაჩინე კიდეც, რომ ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასაწყისში ვეფხისტყაოსანი გამოყენებულია, როგორც სიუჟეტური წყარო. ამის მიხედვით დაწერილია ორი პიესა, რომელიც ინგლისში სამეფო თეატრში იდგმებოდა და ის ყველაზე პოპულარული იყო მთელი საუკუნის განმავლობაში. XVII საუკუნიდან ჩვენი ქვეყანა გახდა პოპულარული, როგორც ერთ-ერთი ეგზოტიკური ქვეყანა, ქრისტიანული, ძალიან ლამაზი ქალებით. სხვათა შორის, წინა პლანზე სწორედ ქართველი ქალის სილამაზის თემა გახლდათ წამოწეული. თუმცა საქართველოს თემა პოპულარული იყო, როგორც აღმოსავლური, ეგზოტიკური ქვეყნის და ისტორიულ სინამდვილესთან მას ნაკლები კავშირი აქვს. ერთადერთი ქეთევან დედოფლის, თეიმურაზ მეფის დედის, წამების ფაქტი აისახება, როგორც ისტორიული და რეალური ფაქტი.
– როგორ ფიქრობთ, საიდან შეიძლებოდა ვეფხისტყაოსნის ისტორია მოხვედრილიყო ბრიტანეთში ამ საუკუნეში?
– ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე, ბევრიც მიმუშავია და სწორედ ამის შესახებ დავწერე ჩემს წიგნში „რუსთაველის ვეფხისტყაოსანი და ევროპული ლიტერატურა“, რომელიც 2011 წელს დაიბეჭდა ბრიტანეთში. იქ რამდენიმე ვერსია მაქვს ჩამოყალიბებული, თუმცა კვლევებმა მიმიყვანა ერთ დასკვნამდე: ვეფხისტყაოსანი ბრიტანეთში გადატანილი უნდა იყოს იმ ქართველი დიდგვაროვნების მიერ, რომლებიც შაჰ-აბასის კარზე იყვნენ. მათთან XV საუკუნის დასაწყისში ინგლისის დიპლომატების დიდი დელეგაცია ჩავიდა. ისინი ძალიან დიდხანს დარჩნენ იქ და როგორც მოგვიანებით მივაგენი, მათ სწორედ ქართველები უწევდნენ კონსულტაციებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ გზით ჩავიდა ინგლისში ვეფხისტყაოსანიცა და მის შესახებ ცნობებიც.
„მეფე და არამეფე“ – მსგავსება „ვეფხისტყაოსანთან“
მსგავსება #1
– მსგავსებები ძალიან დიდია. პიესა არის იბერიის ახალგაზრდა მეფის სიყვარულზე. თავისთავად არ არის აუცილებელი, იბერიაში მაინცდამაინც საქართველო იგულისხმებოდეს. მით უმეტეს მაშინ ორ ქვეყანას უწოდებდნენ იბერიას: დღევანდელ საქართველოს და დღევანდელ ესპანეთს. შეიძლება სწორედ ესპანეთის იბერია იგულისხმებოდა, თუმცა ეს ეჭვი მაშინ გამიქრა, როდესაც პიესაში ამოვიკითხე, როგორ ამარცხებს იბერიის მეფე სომხეთის მეფე ტიგრანესს. სწორედ ამან გახადა ნათელი, რომ საქართველოზეა საუბარი.
მსგავსება #2
– სიუჟეტი აქაც ვეფხისტყაოსნის მსგავსად ვითარდება. მეფე-დედოფალს არ ჰყავდათ შვილი, მათ დაბადებისთანავე, როგორც ტარიელის შემთხვევაშია, იშვილეს უახლოესი დიდებულის შვილი. ხუთი წლისთავზე კი ეყოლათ საკუთარი ქალიშვილი. გარკვეული პერიოდი უფლისწული და მისი „და“ ერთად იზრდებოდნენ, როგორც ნესტანი და ტარიელი. მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დააშორეს. ორივე შემთხვევაში აქტუალურია წერილები და-ძმის ურთიერთობაში. გადის წლები და და-ძმა ერთმანეთს ხვდებიან. სწორედ აქ იწყება მათი სიყვარულის ისტორია. ზუსტად ისევე, როგორც ვეფხისტყაოსანში. შეხვედრის მომენტიც კი მსგავსია. ტარიელის მსგავსად, ბრიტანული პიესის მთავარ მოქმედ გმირს დის დანახვაზე გულყრა ემართება. ნაწარმოები აგებულია და-ძმის სიყვარულსა და წუხილზე...
მსგავსება #3
– მოგვიანებით აღმოჩნდება, რომ ესენი არ არიან და-ძმა, ისევე, როგორც ტარიელი და ნესტანი. ორივე შემთხვევაში არსებობს გმირი – სასიძო და ასევე ორივე შემთხვევაში ცდილობენ სასიძოს ჩამოშორებას. ისტორია პიესაშიც, ვეფხისტყაოსნის მსგავსად, ბედნიერად სრულდება. ვეფხისტყაოსანში ბოლოს არის ქორწილი. პიესიდან კი ორი ბედნიერი წყვილი გადის სცენიდან. ვეფხისტყაოსანში ტარიელი წარმოიდგენს რომ ნესტანი გარდაცვლილია, რასაც მოჰყვება მისი სურვილი იმქვეყნად წასვლის შესახებ. იგივე ტიპის მედიტაციაა გადატანილი ბრიტანულ პიესაში. ნესტანის პროტოტიპს სახელად ჰქვია პანთეა. ინგლისურად ეს სახელი ვეფხვს ნიშნავს. ესეც მნიშვნელოვანი მინიშნებაა.
ელგუჯა ხინთიბიძის განცხადებით, ასევე ვეფხისტყაოსნის სიუჟეტზეა აგებული მეორე ბრიტანული პიესა – „ფილასტერი“, რომლის ავტორებიც ფლეთჩერი და ბომონდი არიან. პიესაში ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის მსგავსი ისტორიაა გადმოცემული. თუმცა, როგორც პროფესორი აცხადებს, სულ სხვა კუთხით.
ხათუნა მგალობლიშვილი
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий